ვახტანგ კაპანაძე: როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინას მომავალი აქვს, რუსეთს კი – არა
“ყოველთვის ჯობს, ვითარება ისეთი დავინახოთ, როგორიცაა. რუსეთს რესურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ პირადი შემადგენლობის ის რესურსი, რაც სამხედრო კამპანიის დაწყების წინ ჰყავდა, შემცირებულია – ვგულისხმობ სამხედრო კონტრაქტორებს”, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ კაპანაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ომი, უკრაინას მომავალი აქვს, რუსეთს კი – არა.
“ყოველთვის ჯობს, ვითარება ისეთი დავინახოთ, როგორიცაა. რუსეთს რესურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ პირადი შემადგენლობის ის რესურსი, რაც სამხედრო კამპანიის დაწყების წინ ჰყავდა, შემცირებულია – ვგულისხმობ სამხედრო კონტრაქტორებს. ახლა მათი შევსება მიმდინარეობს. რუსეთს ადამიანური რესურსი ჰყავს, მაგრამ მობილიზება უნდა გამოაცხადოს. ამ შემთხვევაში უნდა აღიაროს, რომ ომი მიმდინარეობს და მოლოდინი, რომ ომს ძალიან სწრაფად, მცირე დანაკარგით დაამთავრებდა, გაუცრუვდა. ირიბად მობილიზაცია გამოცხადებულია – საბრძოლო არმიის რეზერვისტები, რომლებიც ხელფასს იღებდნენ და წელიწადში სამ თვეს ჯარში სამსახურის ვალდებულება ჰქონდათ, ცხადდებოდნენ სწავლებასა და წვრთნებზე. თუმცა, რეზერვისტებს ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ უნდა გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე რუსეთს დაემუქრებოდა. შესაბამისად, მათ უფლება აქვთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ძალდატანებით აიძულებენ ხელის მოწერას წასვლაზე – ანუ საბრძოლო მოტივაცია დაბალია… ძალიან დიდი მობილიზება შეინიშნება დონეცკი-ლუგანსკის მიმართულებით. სტუდენტებიც კი მიჰყავთ – ვადაზე ადრე ამთავრებინებენ, დიპლომს აძლევენ და უკრაინაში უშვებენ სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს. თუ პუტინმა საერთო მობილიზაცია გამოაცხადა, ამას დრო დასჭირდება. სხვა თუ არაფერი, კანონმდებლობით ექვს თვეზე მეტი აქვს წვევამდელს ჯარში მსახურების, კონტრაქტზე ხელის მოწერის, შესაბამისად, უკრაინაში გაშვების უფლება არა აქვთ. ვადები კიდევაც რომ შეამციროს, ერთი თვე მობილიზაციის პროცედურებს სჭირდება, კიდევ ერთი თვე საწყის მომზადებას და კიდევ ერთი თვე დანაყოფში მოქმედების ათვისებას, ორი-სამი თვე კი დღევანდელი მოცემულობისთვის დიდი დროა.
“აზოვსტალში” სამხედროების წარმოუდგენელი გმირობის მოწმენი ვართ. როგორც ბრესტის ციხესიმაგრე შევიდა ისტორიაში, ისევე შევა “აზოვსტალიც”. ბევრს ეგონა, რომ ამ ტერიტორიას უფრო სწრაფად აიღებდნენ, მაგრამ “აზოველებმა” ზეადამიანური გამძლეობის მაგალითი აჩვენეს. მებრძოლებმა იციან, რომ რუსეთისგან დანდობა არ იქნება და ეს ბრძოლის უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მათ. “აზოვსტალზე” იერიშის გადადების მიზეზები შესაძლოა რამდენიმე იყოს. რუსული წყაროების მიხედვით, იქ 4500-მდე მებრძოლია დარჩენილი, მათგან 400-500 დაჭრილია, მათ შორის სამოქალაქო პირები. ასე რომ, შტურმის გადადება განაპირობა იმ დიდი დანაკარგის შიშმა, რომელიც “აზოვსტალზე” შეტევას მოჰყვებოდა და არც გამარჯვების გარანტია ჰქონდათ. რუსეთს ჯარისკაცის სიცოცხლე არასდროს ადარდებდა, მაგრამ მაინც ვერ გარისკეს. “აზოვსტალის” ალყას ნაკლები ცოცხალი ძალა სჭირდება, ვიდრე მის გაწმენდას, რადგან უკრაინელები მუდმივად ცდილობენ ალყის გარღვევას…
“აზოვსტალი” ჩაკეტილ ზონად რჩება, მაგრამ დაბომბვის ინტენსივობა არ მცირდება. ახლა მთავარია, რამდენ ხანს გაძლებენ. “აზოვსტალის” მიწის ქვეშ 4-5 სართულის სიღრმის გვირაბებია. გვირაბების სიგრძე 23 კილომეტრამდეა და პორტისა და ქალაქის ცენტრისკენ გადის, რაც უკრაინელ მებრძოლებს ღამის მოკლე რეიდების საშუალებას აძლევს, რითაც რუსული არმია მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. მისი აღება, მით უფრო, მოკლე ხანში, ადვილი არაა. ვინაიდან ეს ქალაქი ჯერ კიდევ 2014 წლიდან დარტყმის საფრთხის ქვეშაა, გაკეთებული იყო 800-კაციანი თავშესაფარი. ვფიქრობ, თავშესაფრის შესაძლებლობა მხოლოდ სამრეწველო ზონაში 10 000 კაცამდე გაზარდეს. ეს ეხება ასევე მარაგებს, მშრალ ულუფას და ა.შ. თუმცა ამოუწურავი მარაგი არ არსებობს.
რუსეთმა მოქმედების ტაქტიკა შეიცვალა – სწრაფი სამარშო შეტევის კოლონებიდან მეთოდურ, დაბალი ტემპის მოქმედებაზე გადავიდნენ, რასაც წინ უძღვის ძლიერი საცეცხლე დაზიანება. მაგრამ თუ ადრე სამხრეთ-დასავლეთზე, ოდესა-ნიკოლაევზე ეჭირათ თვალი, ახლა დონბასის დაჯგუფების ალყაზეც კი არა აქვთ დიდი უპირატესობა. ბოლო ხანს ხშირად ისმის, რომ სამ დღეში, ერთ კვირაში, ახლა უკვე აღდგომის შემდეგ იქნება გადამწყვეტი ბრძოლები, მაგრამ რუსეთს თანდათან შეჰყავს ძალები და დარტყმით ეფექტს ვერ იღებს, იმის მიუხედავად, რომ საცეცხლე ზემოქმედება გაზრდილია. თუმცა დიდი უპირატესობა აქვთ – ლოგისტიკის შესავსებად უფრო მოკლე მანძილის გავლა უწევთ, ვიდრე უკრაინას. სულ რაღაც 100 კილომეტრში, რუსეთის საზღვართან აქვთ ყველა საჭირო მასალა და გზის გავლა უსაფრთხოდ უწევთ. სამხედრო პლაცდარმიც კი აქვთ. მაგრამ ამ და სხვა უპირატესობის მიუხედავად, მოულოდნელობის ეფექტი ვერ შექმნეს, ოპერაციებს ძალზე სწორხაზოვნად, ყოველგვარი ე.წ. შემოქმედებითი მიდგომების გარეშე ატარებენ, რაც სამხედრო ხელოვნებაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ხანდახან ვფიქრობ, ეს მანევრი ხომ არ არის, რათა უკრაინელების ყურადღება აღმოსავლეთით მიმართონ, ამასობაში კი ოდესასა და ნიკოლაევს დაარტყან. შესაძლოა არც არაფერი მოხდეს, მაგრამ იმის თქმა, რომ გაზაფხულია და ტანკს და მძიმე ტექნიკას გადაადგილება გაუჭირდება, არასერიოზულია. 21-ე საუკუნის ტანკის მუხლუხი უფრო ძლიერია, ვიდრე 40-იანი წლების დასაწყისში იყო. რაიონში, რომელიც რუსეთის სამიზნეა, სოფლები ერთმანეთში გადადის, გზებიც გამართულია და ტალახში სვლა არ ჭირს. იზიუმის მიმართულებით გადის წყალგამყოფი სიმაღლეებით. ასევე არის შახტებში მუშაობის შემდეგ დარჩენილი კონუსის ფორმის მიწის გორაკები, რომლებიც ზოგან გატყიურებულია. მათ როგორც ცეცხლით კორექტირების, ასევე სტეპში სიმაღლის ფუნქციაც აქვთ. სლავიანსკისა და კრამატორსკის შუაში არის მთა კარაჩუმი (თურქულად “შავ სიკვდილს” ნიშნავს), რაც იმ სტეპში რუსებს დიდ უპირატესობას აძლევს. მოსახლეობა ამ ადგილს მომთაბარე თათრების თავდასხმების თავიდან ასარიდებლად იყენებდა – ანუ ის ტერიტორია ორივე მხარისთვის ხელსაყრელია, გააჩნია, ვინ როგორ გამოიყენებს. ახლა უკრაინელების ამოცანაა ოკუპანტის შეჩერება, მაგრამ იმისთვის, რომ რუსები უკუაგდონ, დამატებით სჭირდებათ არტილერია და ჯავშანტექნიკა. ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად სჭირდებათ ავიაციის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის, გამანადგურებლები, მხარდამჭერები და ბომბდამშენები, შორსმსროლელი არტილერია, აერომობილური ოპერაციებისთვის კი ვერტმფრენები.
რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ უტრიალებენ მარიუპოლს, 9 მაისამდე კი ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ “აზოველების” გამძლეობა ადამიანურ შესაძლებლობებს აჭარბებს. ამიტომ არ არის გამორიცხული, 9 მაისსაც იგივე ვითარება იყოს. პუტინი შეეცდება პროპაგანდისტული მანქანებით ყველაფერი სათავისოდ წარმოაჩინოს, რომ ყირიმსა და რუსეთს შორის სახმელეთო დერეფანი გაყვანილია, ლუგანსკის 80% თითქმის აღებულია… 9 მაისამდე, ალბათ, წინსვლის იმედი და პერსპექტივა აქვთ, მაგრამ აქაც რომ გაჩერდნენ, მაინც იტყვიან, უკრაინის დენაციფიკაცია მოხდაო. კრემლის მიერ “ნაცისტებად” წარმოჩენილ “აზოველებზე” უკვე ირწმუნებიან, გავანადგურეთო – ანუ მათი პროპაგანდის მიხედვით, ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში რუსი მოქალაქეებისთვის საფრთხე მოხსნილია. ეს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების პროპაგანდას ჰგავს, მზეზე რომ გადასხეს ასტრონავტები და ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოუგეს… მოკლედ, სინამდვილე ასეთია – ჩანს, რომ ეს ომი სტაგნაციურ-პოზიციური დაპირისპირების სახეს მიიღებს, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს. ამ დროის განმავლობაში სამხედრო თვალსაზრისით უკრაინა გაძლიერდება, რუსეთი კი დასუსტდება. თუმცა მას რჩება ის კოზირი, რომ ეს ომი რუსეთის საფრთხედ გამოაცხადოს და ამას ადამიანური რესურსის მობილიზაცია მოჰყვეს. ამის მიუხედავად, მალე რუსეთი უდიდესი პრობლემების პირისპირ დადგება, სხვა თუ არაფერი, ტანკებს ვეღარ უშვებენ, რადგან ფრანგული ლაზერული სამიზნეებით იყო აღჭურვილი. მანქანებსაც ვეღარ აწარმოებენ იმ ხარისხით, რაც საჭიროა, რადგან უცხოური კომპანიების დიდმა ნაწილმა დატოვა რუსული ბაზარი. ეს მხოლოდ დასაწყისია, რუსეთს ძალიან მალე როგორც სამხედრო, ასევე, ეკონომიკური პრობლემები დაარტყამს. ზოგადად, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინას მომავალი აქვს, რუსეთს – არა”, – აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.