პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშზე სპეციალური დადგენილება მიიღო

პარლამენტმა სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის საპასუხოდ რეკომენდაციები მიიღო. პარლამენტის შესაბამისი დადგენილება 79 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალურადაა ასახული 2013 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება და მოიცავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ : ,,სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით შეინიშნება მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის: 2013 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს; მომზადდა და დამტკიცდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასრულებაზე; გაუმჯობესდა მდგომარეობა მედია გარემოს თავისუფლებისა და ინფორმაციის მრავალფეროვნების უზრუნველყოფის კუთხით, საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა მედიაზე ზეწოლის შემთხვევები; წინა წლებთან შედარებით (2012 წლის შემოდგომამდე), როდესაც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა, 2013 წელს ამ მხრივ მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია, წამების არცერთი სავარაუდო ფაქტი არ დაფიქსირებულა. 2013 წელს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, აღდგა საერთო სასამართლოებში ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღების შესაძლებლობა, რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ; შეკრება მანიფესტაციების თავისუფლების კუთხით, მდგომარეობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; სამართალდამცავი ორგანოების მიერ, წინა წლებისაგან განსხვავებით, რეაგირება მოხდა და გამოძება დაიწყო ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლებშიც გამოიკვეთა რელიგიური დაპირისპირების ნიშნები. ასევე, აღნიშნულია სხვა დადებითი ტენდენციები“. პარლამენტის დადგენილებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს და მოუწოდებს ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს მათი დროული და ხარისხიანი შესრულებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები