ლიეტუვის პრეზიდენტი: ყოყმანის დრო აღარ გვაქვს – უკრაინაში იარაღის სწრაფი და ეფექტური მიწოდებაა საჭირო
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ლიეტუვაში მეტი ჯარის გაგზავნისკენ მოუწოდა.
როგორც CNN-ი იუწყება, ნაუსედამ აღნიშნული საკითხი დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბერბოკთან განიხილა, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა.
ამასთან, მათ ასევე განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარების, უკრაინის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის და რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების საკითხები.
„დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინაში იარაღის სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ამ ომში. ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად“, – განაცხადა ნაუსედამ.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მეტი სანქციები უნდა დააწესოს.