მიხეილ სარჯველაძე – არახამიას განცხადებაზე: თანაზიარია იმ ინტერესებისა და ღირებულებებისა, რაც აქვს საქართველოში ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრობას”
ეს არ არის არც უკრაინის, არც საქართველოს ინტერესში. ვის ინტერესში შეიძლება, იყოს ახლა რაღაც ინტრიგების დათესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებში. მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, რომელიც არახამიამ გუშინ “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა: „შთაბეჭდილება დამრჩა, სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული“.
სარჯველაძის შეფასებით, ეს სრულ თანხვედრაშია “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივთან.
„გულდასაწყვეტია, როდესაც ისმენ ისეთ შეფასებებს, როგორიც ბატონ არახამიასგან მოვისმინეთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ რეალური აღმოჩნდა ყველა ის განცხადება, პოზიცია, მოსაზრება, რომელიც გამოითქმებოდა იმის შესახებ, რომ მაინც იარსებებდა რაღაც ბაცილა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა იმაზე, რომ როგორმე გაამწვავოს ან გაართულოს ურთიერთობები. მიზეზი, რაც შეიძლება, განაპირობებდეს ურთიერთობების დაძაბვის სურვილის არსებობას ბატონი არახამიას შემთხვევაში, შეიძლება, იყოს, საკუთარი ღირებულებების სისტემაში, რომელიც თანაზიარია იმ ინტერესებისა და ღირებულებებისა, რაც აქვს საქართველოში ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრობას“, ამ ხაზის გატარებაა. ეს არ არის არც უკრაინის არც საქართველოს ინტერესში. ვის ინტერესში შეიძლება, იყოს ახლა რაღაც ინტრიგების დათესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებში, მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი“, – განაცხადა სარჯველაძემ.