ჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტად.
მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელსაც შვეიცარია უწყების თანამშრომლებისთვის რეგულარულად უზრუნველყოფს. შეხვედრის დასასრულ, თავდაცვის მინისტრმა და შვეიცარიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.