რატი იონათამიშვილი: როდესაც უკრაინაში უმძიმესი ომია და საზოგადოება ცდილობს, სოლიდარული იყოს უკრაინის მიმართ, „ნაცმოძრაობა“ კიევში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსავითარებლად გაიპარა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების უკრაინაში ჩასვლას და შეხვედრების გამართვას ეხმაურება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კიევში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსავითარებლად წავიდა.
„მაშინ, როდესაც უკრაინაში არის უმძიმესი ომი რუსეთის მხრიდან და მთელი საზოგადოება ცდილობს, რომ სოლიდარული იყოს უკრაინის მიმართ, „ნაციონალური მოძრაობა“ კიევში მხოლოდ იმისთვის გაიპარა, რომ იქ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განევითარებინა. ამით კიდევ უფრო სამარცხვინო და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარი თავი. მათი მიზანი, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა გაეფუჭებინათ, ხელიდან ეცლებათ და, როგორც ჩანს, ეს ძალიან სწყინთ“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის სხვა ლიდერები გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს – ანდრეი ერმაკს, უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს – დავით არახამიას და უკრაინის რადას თავმჯდომარეს – რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ.