ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გამოძიების მიზნებისთვის კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვასთან, ასევე, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ცვლილებით, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
„შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა სასამართლოს მიერ წინასწარ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდება, ხოლო კომპიუტერული მონაცემის გადაუდებელი აუცილებლობით გამოთხოვის შემთხვევაში, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერება სასამართლო კონტროლით გაკონტროლდება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გარდა ამისა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა, გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს შეატყობინოს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ პროკურორი უფლებამოსილი იქნება მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემიდან სასამართლო კონტროლით გამოითხოვოს ინფორმაცია სატელეფონო ნომრის, მისი მფლობელისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების დროის შესახებ. კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების შესატან მეორე პროექტზე..
მომხსენებლის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განმარტებით, სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის საკითხები ახალი გამოწვევების წინაშე დგას. „მომეტებული კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში შეიძლება ჩვენს ქვეყანას შეექმნას ეგზისტენციური საფრთხეები, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გამოვლინებები და ფორმები. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ კონტექსტში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის და მისი შექმნისთვის საჭირო კომპონენტების გავრცელება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და ,ასევე, ნაკლებად მძიმე დანაშაულების გარკვეული კატეგორია, მისი სპეციფიკისა და ხასიათის გათვალისწინებით”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისი ინფორმაციით, ცვლილებებით ფართოვდება დანაშაულთა წრე, რომელთა გამოსაძიებლად დასაშვები ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ზუსტდება და იხვეწება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები და იცვლება შესაბამისი პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ შეტყობინების წესი. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადა არაუმეტეს 9 თვე იქნება და სამ ეტაპად განხორციელდება.
აღნიშნული ვადა გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.
კანონპროექტის ვადის ხანგრძლივობის დამდგენი წესები შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომზადებულ ორივე კანონპროექტს.