პროფესორი, ლადო პაპავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021-2027 წლების პროგნოზებსა და შეფასებებს “იმედისმომცემს” უწოდებს და ამბობს, რომ IMF-ის მონაცემები საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიურია.
როგორც მან “კვირას” განუცხადა, აღნიშნულ მაჩვენებლებზე გავლენა საქართველოს მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების გატარებამ იქონია.
“ძალიან საინტერესო და საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ. საერთოდ, როდესაც ლაპარაკი არის მთლიან სამამულო პროდუქტზე მოსახლეობის ერთ სულზე (GDP per capita), ეს მაჩვენებელი, როგორც წესი, ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო სავალუტო ფონდს აპრილის პროგნოზი საკმაოდ პოზიტიური აქვს. IMF თვლის, რომ 2027 წლისთვის საკმაოდ მაღალი იქნება საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდა და გადააჭარბებს 9 ათას დოლარს. ეს კი ძალიან სერიოზული წინსვლის მაჩვენებელია. ამ პროცესში შეიძლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს იმან, თუ რამდენ ხანს გასტანს რუსეთის ომი უკრაინაში, თუმცა, ვინაიდან ეს პროგნოზი სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა, ნიშნავს, რომ მას ეს საომარი მოქმედებები, გარკვეულწილად, გათვალისწინებული აქვს.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით იგივე მაჩვენებელი. მსყიდველუნარიანობის პარიტეტი ნიშნავს, როგორია დოლარით მსყიდველობითი უნარი სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან ამერიკული დოლარის მიხედვით ქვეყნების მსყიდველუნარიანობა განსხვავებულია. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, IMF-ის პროგნოზი ბევრად უფრო პოზიტიურია. 2027 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველობითი უნარის მიხედვით პარიტეტის 2017 წლის ფასებში 21 ათასამდე, ხოლო მიმდინარე ფასებში კი 27,5 ათასამდე იქნება გაზრდილი. ეს საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია და მიგვანიშნებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში გატარებულ და გასატარებელ ეკონომიკური რეფორმებს დადებითად აფასებს.
ასევე, ანგარიში უნდა გაეწიოს საქართველოს საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებსაც. რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის მიუხედავად, რამაც უკრაინის ბაზარი საქართველოს დააკარგვინა, ხოლო რუსული ბაზარი გარკვეულწილად შეზღუდა, საქართველოს ამ პირობებშიც აქვს გარკვეული ზრდა განსაკუთრებით ექსპორტის და მით უფრო, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის მიმართულებით, რომელმაც თვის ისტორიულ რეკორდს მიაღწია. ასეთ მაჩვენებელზე არასდროს ყოფილა, როგორც 2022 წლის კვარტლის მიხედვით, ისე მარტის მონაცემების მიხედვით. რაზეც ძირითადი გავლენა მოახდინა ჩინეთში ექსპორტის ზრდამ. გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს, რაც იძლევა იმის პოტენციალს, რომ უფრო სერიოზულად აითვისოს ქართულმა პროდუქციამ ჩინური ბაზარი”, – განაცხადა ლადო პაპავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.