„ვეცდებით ყველაფერი, რაც რეკომენდაციების ნაწილშია, გავითვალისწინოთ“

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, ანგარიშში ხაზგასუმია, რომ ვინც დამნაშავეა, ყველა უნდა დაისაჯოს, განსაკუთრებით, თუკი ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ფანჯიკიძის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
„ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მე-4 ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული სიტუაციაა აღწერილი და გაცემულია რეკომენდაციები. საერთოდ, მინდა, ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების კომისიასთან გაეროში, ჟენევაში, ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არასდროს გამოსულა, მე იქ სიტყვით გამოვედი სხდომაზე მარტში და უმაღლეს კომისართან პილაისთან რამდენიმე შეხვედრაც გავმართე. მე ის საქართველოში მოვიპატიჟე, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ენახა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და ასევე, მავთულხლართების მიერ შექმნილი მდგომარეობა. კომისარი საქართველოში მაისში იმყოფებოდა და აქედან წავიდა ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ აბსოლუტურად ინფორმირებული. კომიტეტის მიერ დადებულ ანგარიშში ხაზგასმულია ის, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა, მაგრამ არის ასევე რეკომენდაციები და ერთ-ერთი ეხება სწორედ იმას, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, დროულად უნდა იყოს გამოძიებული და ვინც დამნაშავეა, ყველა უნდა დაისაჯოს, განსაკუთრებით, თუკი ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ეს საქმეები გამოკვლეულ უნდა იქნას და საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულებზე კომპენსაციები უნდა გაიცეს. ეს ჩვენთვის ძალიან ყურადსაღები დოკუმენტია. ვეცდებით ყველაფერი, რაც რეკომენდაციების ნაწილშია, გავითვალისწინოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები