მაია ბითაძემ წყლის რესურსების მართვის რეფორმის დოკუმენტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
წყლის რესურსების მართვის რეფორმის დოკუმენტის განხილვის მიზნით პარლამენტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო „რუმსში” გამართულ შეხვედრაზე წყლის რესურსების მართვის რეფორმის დოკუმენტთან ერთად დაგეგმილ აქტივობებზეც იმსჯელეს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ წყლის რესურსების მართვა და წყლის შესახებ კანონპროექტი არ არის მარტო კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ გარემოს და ბუნების დაცვას ეხება. ეს არის კომპლექსური, სისტემური, ახალი მიდგომა, ასევე ინტეგრირებული მეთოდების გამოყენებით წყლის სააუზე მართვის სისტემაზე გადასვლის წინაპირობა, რაც საკმაოდ რთულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რთული იყო თავდაპირველად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაც, რომელთაც 10-12 წელი დასჭირდათ, რომ მიეღწიათ წყლის კარგი ხარისხისთვის და ამ ხარისხის შენარჩუნებაზე ისინი ახლაც აქტიურად ზრუნავენ. აქ არ არის საუბარი კანონის ან კანონქვემდებარე აქტების მიღებაზე, არამედ საუბარია სისტემურ ცვლილებებზე, რომელმაც ეფექტიანად უნდა გამოგვაყენებინოს წყალი, როგორც რესურსი. თუმცა, ეფექტიან გამოყენებამდე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიაზროთ თუ როგორი ინსტიტუციური მართვის მოდელი უნდა შევქმნათ წყლის სწორად სამართავად”, – განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი, ეკა სეფაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და რესან კონცელიძე.
დოკუმენტის განხილვისას ითქვა, რომ რეფორმის ფარგლებში განხორციელებულმა სისტემურმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს წყლის რესურსის ეფექტიანი გამოყენება, ამავე დროს უნდა შეიქმნას ისეთი ინსტიტუციური მოდელი, რომელიც შეძლებს გაზრდილი ტურიზმის, ჰიდროენერგეტიკის, მელიორაციის, საყოფაცხოვრებო და სხვა დანიშნულებით წყლის თანაბრად გადანაწილებას და ამავე დროს წყლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. შეხვედრა გაიმართა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.