განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშზე იმსჯელეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას ინფორმაციით, სიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით და დააკომპლექტა ადმინისტრაციული, შრომითი მიგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტები, ასევე სააგენტოს რეგიონული ცენტრები თბილისის ხუთ რაიონულ ცენტრსა და 7 რეგიონულ ცენტრში.
პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს შექმნიდან დღემდე განხორციელებულ აქტივობებზე.
მისი თქმით, სააგენტო აქტიურად მუშაობს მოქალაქეების დასაქმების, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების მიმართულებით, ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად.
თამილა ბარკალაიამ ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
მისი განცხადებით, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში – სააგენტო ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოს მაძიებლებს აწვდის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა სამუშაოს მაძიებლის კონსულტირება და დაკავშირება დამსაქმებელთან, კონსულტირება კარიერული განვითარების მიზნით და მხარდაჭერითი დასაქმება. მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება განკუთვნილია შშმ და სსმ პირებისთვის, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია დასაქმდეს.
„სააგენტო ჩართული იყო პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირების პროცესში, ასევე თვითდასაქმებულთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების დამუშავებისა და ერთჯერადი კომპენსაციების გადარიცხვის ადმინისტრირების პროცესში”, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
კომიტეტმა ცნობად მიიღო ანგარიში.