დავით საგანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნას გამოეხმაურა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მეოთხე პერიოდულ მოხსენებას გამოეხმაურა. დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ გაეროს დასკვნა იმ ბრალდებების ძალიან კარგ პასუხს წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების მიმართ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოჰყვა.
“გაეროს დასკვნა წარმოადგენს ძალიან კარგ პასუხს იმ ბრალდებებზე, რომლებიც ხელისუფლებისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოჰყვა. ისმოდა განცხადებები, რომ თითქოს ეს არის რევანში და ანგარიშსწორება“, – აღნიშნა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები