მიხეილ ჩხენკელი: ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება უაღრესად მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება უაღრესად მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი განმარტებით, აშენდება 80 ახალი სკოლა, 220 სკოლა გაივლის სრულ რეაბილიტაციას, 500 სკოლა კი ნაწილობრივ რეაბილიტირდება.
„ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს შეადგენს და ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე. 80 ახალი სკოლა არის სკოლა, რომელიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, შესაბამისად, მათი დემონტაჟი განხორციელდება და აშენდება ახალი, თანამედროვე სკოლები. ჩვენ დავიწყებთ იმ სკოლების რეაბილიტაციას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
როდესაც ჩვენ ახალ და სრულად რეაბილიტირებულ სკოლებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მშენებლობა, ისე რეაბილიტაცია და აღჭურვა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ახალი სასკოლო გარემო [პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. მოხდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, აღიჭურვება სკოლები ლაბორატორიებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა სკოლა იქნება სრულიად ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდი ლარია“, – განაცხადა ჩხენკელმა.