დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)” N2 ცვლილების წერილ-შეთანხმების” თაობაზე იმსჯელა.
პარლამენტის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება შედის სესხის ჩამორიცხვის ვადასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 30 ივნისამდე განისაზღვრა, ასევე ხორციელდება ტერმინების – ევრიბორისა და ლიბორის (EURIBOR, LIBOR) განმარტების დაზუსტება.
მისი თქმით, საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა და ითვალისწინებდა თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის 100 მლნ ევროს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 75 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. მომხსენებლის თქმით, ამ ეტაპისათვის დარჩენილია შეთანხმებით გათვალისწინებული სამი მიმდინარე პროექტი, რომელიც მაისში დასრულდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.
კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე პროექტია განხორციელებული. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული შეთანხმების რატიფიცირებას. დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა იმსჯელა მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის შესახებ”.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს მაღაზიების შექმნას, ასევე თამბაქოს მაღაზიებისთვის სპორტული ფსონების ბილეთების განთავსების ფუნქციის შეძენას, რითაც, ავტორის აზრით, გაჩნდება ინტერნეტ კაზინოს გონივრული ალტერნატივა და გაიზრდება მცირე ბიზნესის რაოდენობა. კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით ცალსახად უარყოფითი პოზიცია აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან.
ხოლო დღეს მოქმედი კანონი თამბაქოს კონტროლის სფეროში სრულად ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივის ვალდებულებათა შესრულებას. კომიტეტმა წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.