ფრიდონ ინჯია: სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული სახელმწიფო უწყება ახორციელებს.
ფრიდონ ინჯიას კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„სამინისტროში არაერთი დარგია და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს სამთავრობო სტრუქტურაში. მე ბევრი პრეტენზიები და შენიშვნები არ მაქვს ახლად დანიშნულ მინისტრთან, რომელსაც წარმატება მინდა ვუსურვო, რადგან ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ბევრი რამ არის დაკავშირებული ამ სამინისტროს გამართულ მუშაობაზე. რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფ, რომელიც ჩემი შეფასებით, კარგად და დამაჯერებლად შესრულდა.
პირველი, ეს არის ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან, რომელიც მიუხედავად პანდემიისა და მძიმე წლებისა, სამინისტრომ მაღალ დონეზე შეასრულა და პრაქტიკულად, ეს პრობლემა უკვე აღარ არსებობს საქართველოში. ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ მთელ გუნდს. მეორე თემა წყლის კოდექსის მომზადებაა, რადგან წყალი საქართველოში მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მას გაფრთხილება და კანონმდებლობის ჩარჩოებში ჩასმა სჭირდება. დადგება დრო და მისი ფასი ნავთობზე და სხვა ნედლეულზე უფრო მაღლა იქნება.
ასევე მისასალმებელია ის პროგრამები, რომლებიც სამინისტროს მიერ გლეხებისა და მცირე ფერმერების მიმართ ხორციელდება, თუმცა ეს პროგრამები, იმისთვის რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ვფიქრობ, რომ პროცედურების გამარტივება უნდა მოხდეს, რათა მათ ადვილად შეძლონ აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა. კარგი იქნება თუ გაესაუბრებით გლეხებს და გაარკვევთ თუ რა უშლით ხელს და რა პრობლემები აქვთ მათ ამ კუთხით. აქვე მინდა გამოვყო სახნავ-სათესი მიწების სარგებლობის საკითხი. წლების წინ ჩვენმა მოქალაქეებმა და უცხოელებმა შეიძინეს სახნავ-სათესი მიწები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ახლა უკვე აღარ მუშავდება. ამიტომ რაღაც ისეთი ხომ არ არის გასაკეთებელი, რაც ამ მიწების გამოყენებას უფრო ეფექტურს გახდის?
იქნებ სამინისტრომ შესაბამის ორგანოებთან ერთად მოამზადოს კანონმდებლობა, რომელიც დაუმუშავებელი მიწებისთვის მიწის გადასახადს გაამკაცრებს. მიწის მფლობელის გაფრთხილების შემდეგ, თუ მას არ ექნება ობიექტური მიზეზები მიწის არ დამუშავებაზე, მაშინ მომავალი წლიდან მისთვის გადასახადის გაორმაგება ან სხვა მექანიზმის მოფიქრება უნდა მოხდეს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დააკომპენსირებს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.