ოთარ შამუგია – „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონის მიღება გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“
„გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, 2018 წელს ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, შედეგად, გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში უზრუნველყოფილია საზოგადოების ჩართულობა, მათი ინფორმირებულობა გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპზე და საჯარო განხილვების ჩატარება. გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის წინგადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მინისტრმა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონის მიღებაც დაასახელა. ოთარ შამუგიას თქმით, ამ კანონის შემუშავების პროცესში სამინისტრომ, ევროკავშირთან ერთად, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
„2021 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი. კანონს შემოაქვს ახალი ვალდებულებები სამრეწველო სექტორისთვის 2022 წლის ივლისიდან. საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში გარემოს დააბინძურებს, ვალდებული იქნება გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად გასწიოს სათანადო ღონისძიებები და გაიღოს ამისთვის საჭირო თანხები.
ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კი კანონი აწესებს საკმაოდ მაღალ საჯარიმო სანქციებს. ჩვენ ამ ახალი ვალდებულებების შესასრულებლად უკვე გავატარეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ზედამხედველობის დეპარტამენტში შეიქმნა ახალი დეპარტამენტები, რომელიც იმუშავებენ კანონის აღსრულების მიმართულებით. პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ ვაძლიერებთ სამინისტროს შესაძლებლობებს, რომ სისტემა მომზადებული შეხვდეს ახალი ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.