“ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება”
2012 წლის მღელვარე მოვლენების შემდეგ, 2013 წელი ნაკლები დრამატულობით გამოირჩეოდა, – ასე დაიწყო უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვა. მან საკანონმდებლო ხელისუფლებას 33 თავისგან შემდგარი დოკუმენტი გააცნო და აღნიშნა, რომ და ის ასევე ასახავს ახალ მიმართულებებს, რომელიც წელს პირველად შევიდა ანგარიშში, ესენია: ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა, ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკიდან იძულებით გადასახლებული პირთა რეპატრიაცია, ასევე მიმოსვლის თავისუფლება და სიცოცლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება.
„მართალია მთელი წლის განმავლობაში საზოგადოება ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მტკივნეული პოლიტიკური თანაარსებობის მოწმე იყო, მაგრამ ამ დაძაბულობას ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგად მდგომარეობაზე ფუნდამენტური გავლენა არ მოუხდენია. მთელ რიგ სფეროებში, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება. თუმცა, ამავდროულად გამოიკვეთა არაერთი მიმართულება, სადაც სერიოზული პრობლემები ფიქსირდება. გასულ წელს, პირველად საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და შესაბამისი დადგენილებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა. თუმცა, სამწუხაროა, რომ რეკომენდაციების ნაწილი დღემდე არ არის შესრულებული. ასევე მომზადდა და დამტკიცდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი და ცვლილებები შევიდა არაერთ სხვა კანონში“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
უჩა ნანუაშვილმა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა.