ზელენსკი: ბუჩის მოვლენებმაც კი ვერ აიძულა ევროკავშირი, რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგო დაეწესებინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირი იმის გამო გააკრიტიკა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ სანქციების მეექვსე პაკეტში დაიწყო.
ამის შესახებ მან ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვის დროს თქვა.
„თუ რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ მეექვსე პაკეტის დროს დაიწყეს, მაშინ მსოფლიო ვერ აცნობიერებს, თუ რა სახის ომისთვის ემზადებოდა რუსეთი. თუ ჯერ კიდევ არ არის მკაფიო მიდგომა რუსულ გაზთან დაკავშირებით, მაშინ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ევროპაში არსებობს საერთო ნება, რომ შეჩერდეს რუსული სამხედრო დანაშაულები. თუ არსებობენ მსხვილი ევროპული კომპანიები და მსხვილი ევროპული ბანკები, რომლებიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დროსაც კი, რუსული ბაზრიდან გასვლას საჭიროდ არ მიიჩნევენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა კომპანია ამას მიიღებს, როგორც “დალოდების” სიგნალს და თითქოს შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მუშაობის გაგრძელება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმაც კი ვერ აიძულა ევროკავშირი, რუსული ენერგომატარებლებისთვის ემბარგო დაეწესებინა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge