გია ვოლსკი: უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დემარშს და შეურაცხყოფას აქვს ადგილი, არა მხოლოდ ოფიციალური პირების, არამედ ქართული საზოგადოების მიმართაც
ყოველგვარ ზღვარს გადასულია განცხადებები, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ახასიათებს, რასაკვირველია, რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დემარშს და შეურაცხყოფას აქვს ადგილი არამხოლოდ პოლიტიკური პირების, არამედ ქართველი საზოგადოების მიმართაც.
“უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური დემარში, შეურაცხყოფა და არა მხოლოდ ოფიციალური პირების, არამედ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც პირდაპირი გაგებით, თავის მოძმე უკრაინელ ხალხს ლუკმას უყოფს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინას გვერდში უდგას მძლავრად, ყოველგვარი ორჭოფობის და უკან დახევის გარეშე, როგორც პოლიტიკური, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
“უკრაინაში სისხლის გუბეები დგას რუსული ინტერვენციის გამო და ამ ვითარებაში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს გარკვეული შავი ხვრელების შექმნა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეს არ არის მხოლოდ შალვა პაპუაშვილის ან რომელიმე ჩვენგანის საკითხი. ეს არის თემა, რომელიც საქართველოს მიმართ სერიოზულ ბრალდებას და შეურაცხყოფას ეხება. შავ ხვრელებში ძრომიალის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს წარმოადგენს. საქართველო უკრაინას გვერდში უდგას მძლავრად, ყოველგვარი ორჭოფობის და უკან დახევის გარეშე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ალბათ, უკრაინის შემდეგ თავად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სამიზნეს აგრესიისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.