სკანდალური შეხვედრა ბაკურიანის რუმსში!

რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციური გეგმები დასახა

სკანდალური ინფორმაცია 6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრების დეტალებს ასახავს.

აღნიშნული თავყრილობა და ე.წ. ტრენინგი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხებით დაფინანსდა და საინტერესოა, იყო თუ არა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქმის კურსში, იცოდნენ თუ არა რა ტიპის შეკრებაში იხარჯება მათი ქვეყნის მოქალაქეების ფული?

ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობა”, ბათუ ქუთელია – “დროა”, გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველო”, ზურაბ ჯაფარიძის “გირჩისა” და პარტია “ლელოს” წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია “ფორმულადან” და “მთავარი არხის” წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და “სირცხვილიას” აქტივისტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ.

რაც მთავარია, რადიკალური ოპოზიციის “რევოლუციური კომიტეტის” მთავარი მოქმედი პირი, ტრენერი და მოდერატორი პიტერ აკერმანი იყო. ცნობილი პოლიტტექნოლოგი, რომლის ორგანიზაციის ჩართულობით ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა მოხდა. აკერმანი “გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრის” დაფუძნებელი და პოლიტიკური ორგანიზაცია “ამერიკელების არჩევანის” თავმჯდომარეა. ის ცნობილი გახდა აქტივისტების მომზადებით, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აგზავნიან ხელისუფლების დასამხობად, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების დასატრენინგებლად, რათა უფრო ეფექტურად აწარმოონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიები. “ნაციონალური მოძრაობისთვის” მსგავსი მეთოდები უცხო არ არის, მათი ორგანიზაცია “კმარა” სწორედ ამ მეთოდების და უცხოელი ინსტრუქტორების გამოყენებით დააფუძნეს, რომლის რეინკარნაციის მცდელობასაც დღეს “სირცხვილიას” სახით ვხედავთ, თუმცა “კმარასგან” განსხვავებით ისინი მოქალაქეების მობილიზებასაც კი ვერ ახერხებენ.

ბაკურიანის შეხვედრაზე დიდი დებატები გაიმართა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების მობილიზება, ხელს უშლის თუ არა პროტესტის ესკალაციას ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა და პატიმარი სააკაშვილის საკითხის აქტუალიზება. გაიჟღერა რამდენიმე იდეამ, მათ შორის სერბეთის მაგალითზე OTPOR მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივამ, რომელმაც საზოგადოებაში ერთიანი ფრონტის შექმნის განცდა უნდა გააჩინოს. რეალურად, მსგავს ორგანიზაციაში ისევ რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ორი პარტიული ტელევიზია, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან. მათ შეიმუშავეს კონკრეტული გეგმები და მათ განხორციელებას უკვე შეუდგენ, რისი ნათელი მაგალითიც „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებული პერმანენტული აქციებია. რევოლუციური პროტესტის საბოლოო მიზანი კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამხობაა.
საინტერესოა, რა კომენტარებს გააკეთებენ გამოჟონილ ინფორმაციაზე ბაკურიანში გამართული შეხვედრის მონაწილეები? ღიად დაადასტურებენ სამოქალაქო დაუმორჩილეობლობის კამპანიის დაწყებას, ერთგვარი “რევოლუციური კომიტეტის” დაფუძნებას, თუ ეცდებიან გავრცელებული ინფორმაცია უარყონ და ხელისუფლებების დამხობაში გამოცდილი აკერმანის რეკომენდაციებს, მათი ლიდერი სააკაშვილის მითითებებს დაელოდებიან?

სხვათაშორის, ტრენინგის ბოლოს, სადაც რადიკალები რევოლუციას გეგმავდნენ, კონცერტიც გაიმართა და შეკრებილმა საზოგადოებამ უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული დარდი ასე გაიქარწყლა. შეხვედრის და კონცერტის ფოტო – ვიდეო მასალა კი რამდენიმე მონაწილემ ჩუმად, ფარულად გადაიღო…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები