პარლამენტის ბიურომ 12-15 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტი, ხვალ, 12 აპრილის პლენარულ სხდომაზე, კენჭს უყრის საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი შატაკიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
მიმდინარე კვირაში, პარლამენტი, კენჭს უყრის და აირჩევს საპროკურორო საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს.
14 აპრილის, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმენს.
ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს.
ბიურომ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო კომიტეტებში ოცამდე კანონპროექტის განხილვის პროცედურა დაიწყოს. კერძოდ, პარლამენტი დაჩქარებული წესით დაიწყებს „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების განხილვას, რომლითაც განისაზღვრება, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს უსრულდება პირველ ოქტომბრამდე.
პარლამენტი მუშაობას იწყებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილების თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ. კანონპროექტით, აგრეთვე რეგულირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინებასთან და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიან სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებით წესრიგდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფასთან, იძულების ღონისძიების გამოყენების უფლებასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.