რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თემატური მოკვლევის ჯგუფის საბოლოო დასკვნას გაეცნო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის“ თაობაზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა ცნობად მიიღო. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე და გამოვლენილ მიგნებებზე ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ეკა სეფაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მოკვლევის ჯგუფმა აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის ორგანოების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო და ზეპირი შეხვედრები გამართა და შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე 11 პუნქტიანი რეკომენდაციები მოამზადა. მთავარი მომხსენებლის განცხადებით, იმისთვის რომ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდეს და მათ შესაძლებლობები გაიზარდოს, აუცილებელია მუნიციპალიტეტების დონეზე სრულად მოხდეს რეკომენდაციების შესრულება

„თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციები თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას და იმ ხარვეზების აღმოფხვრას უზრუნველყოფს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. კომიტეტის წევრები სრულად დაეთანხმნენ მომზადებულ რეკომენდაციებს და მათი შესრულების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. კომიტეტის წევრებმა მუნიციპალიტეტებისთვის მეტი უფლებამოსილებების გადაცემაზე, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების პროაქტიურ ქმედებებსა და გარკვეული რეკომენდაციების საკანონმდებლო ინიციატივებად ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ კოლეგებს რეგიონული ტურნეს გამართვა შესთავაზა, სადაც კომიტეტის წევრები მათზე გადანაწილებულ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა სამუშაო პროცესში მონაწილე კომიტეტის წევრებს, დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებს და მოწვეულ სპეციალისტებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ სასესხო შეთანხმებას გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სასკოლო ინფრასტუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკებთან მოლაპარაკებები აწარმოა, რომლის შედეგადაც 80 მლნ. ევროს კრედიტის და 22 მლნ. ევროს გრანტის გამოყოფა მოხდება. აღნიშნული ფინანსური რესურსი კი, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის განახლება/მშენებლობას, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციასა და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებს მოხმარდება. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ და მისი ფინანსური მაჩვენებლები გააცნო, რომლის მიხედვითაც 15 წლის ვადით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად 40 მლნ. ევრო კრედიტს, ხოლო გრანტის სახით კი 10 მლნ. ევროს გამოჰყოფს. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები