დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძისა და ლევან მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის – „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თაობაზე იმსჯელა.

მომხსენებელმა ეკა სეფაშვილმა ცვლილების არსი განმარტა და აღნიშნა, რომ პროექტით ზუსტდება რამდენიმე ტერმინი, ასევე შემოდის ახალი ტერმინი „სანავსადგურე ერთეული”. სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობასთან და მის გაღრმავებასთან დაკავშირებით სანავსადგურე ერთეულებისათვის გაზიარებული იქნება პასუხისმგებლობა.

„კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია დამზღვევი მექანიზმი იმისათვის, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით არ მოხდეს რაიმე გაუგებარი სიტუაციის წარმოშობა, აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას, იმ შემთხვევაში თუ სანავსადგურე ერთეულები ვერ ან არ შეასრულებენ თავის მოვალეობას, მთავრობა და კერძოდ საზღვაო სააგენტო უფლებამოსილია თვითონ განახორციელოს ნავსადგურში შემავალი არხის მოვლა-პატრონობა. ამ კანონპროექტის არსი არის ის, რომ ყველა სანავსადგურე ერთეულს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და მოვალეობები იმ საერთო საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საჭიროა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესრულებისათვის”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
მომხსენებელმა ასევე განმარტა, რომ სატრანზიტო ფუნქციის გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს უწევს გაზრდილ ტვირთბრუნვასთან გამკლავება და შესაბამისად კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ინიციატორებთან ერთად შეკითხვებს პასუხობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაო პროცესში გაგრძელდება. „მზად ვართ კონსულტაციებისთვის, იმიტომ რომ კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს ყველას ინტერესი, რათა მივიღოთ ის შედეგი, რაც მნიშვნელოვანია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს. სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს დეპუტატთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი. მომხსენებელმა, ბექა დავითულიანმა განმარტა, რომ კანონპროექტის შესაბამისად საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა.

„კოდექსში 2021 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ეს თარიღი განსაზღვრული იყო 2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, გარკვეული დრო და გამოცდილებაა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებულმა პირებმა გააცნობიერონ მითითებული პროცედურა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი”-ს თავმჯდომარის, მაკა მინდიაშვილის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებსა და შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტში იყო მსჯელობა და კონსულტაციები.

არგუმენტირებული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მიზანშეუწონლად მიიჩნია. ასევე მიზანშეუწონლად მიიჩნიეს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)”.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებასა და მშენებლობას, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციას და მასთან დაკავშირებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების დაფინანსებას 40 მლნ ევროს ოდენობის სესხის სახით და 10 მლნ ევროს ოდენობის გრანტით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები