გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი შეფასების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსებში შესატანი ცვლილებების პროექტი, მეორე მოსმენით განიხილა.

პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც კანონპროექტებში პირველი მოსმენით განხილვის შედეგად შევიდა. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება ძირითადად განპირობებული იყო, მათ შორის, სახალხო დამცველის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების საფუძველზე და ასევე პრაქტიკაში გამოვლენილი სხვადასხვა ნაკლოვანებების გათვალისწინებით.

მისი თქმით, გაუმჯობესდა გარკვეული სტანდარტი, რომელიც დაკავშირებული იყო საჯარო განხილვის პროცედურასთან, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოს ზემოქმედების გადაწყვეტილების დოკუმენტში შედის ცვლილება, ასევე დაზუსტდა კოდექსით განსაზღვრული პირველი და მეორე დანართის საქმიანობების ჩამონათვალი, კერძოდ წიაღთან მიმართებით.

მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ პირველ დანართში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაქვემდებარებულ საქმიანობად განისაზღვროს წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება 10 ჰა-ზე მეტი მოპოვების ადგილის ზედაპირით, ნაცვლად არსებული 25 ჰექტარისა. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე მიზანშეწონილი გახდა სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობის ზღვრის დაწევა 5 ჰა-მდე.

„შესაბამისად, მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება 5 ჰა-დან 10- ჰა-მდე ფართობის შემთხვევაში დაექვემდებარება სკრინინგის პროცედურას და საქმიანობის მასშტაბის და გარემოზე ზემოქმედების მასშტაბიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სრული გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჭიროება. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების რეგულირების ნაწილში, რათა მაქსიმალურად შემცირდეს წიაღისეულის მოპოვების შედეგად გარემოზე ზემოქმედების რისკები და მოპოვების სამუშაოების განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს გარემოსდაცვითი სტანდარტები და მოთხოვნები”, – განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, მეორე ძირითადი მიმართულება, რასაც საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს, ეს არის ადრე დაწყებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის საქმიანობის გაგრძელების უფლება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიხედვით ისეთი ახალი რეგულაციები შემოდის საქართველოს მასშტაბით, როგორიც არის თბილისში. კერძოდ, ეს ეხება ამტვერებადი მასალის კონტროლს ტრანსპორტირებისა და განთავსება-დასაწყობების დროს. შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით შემოდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჰაერში ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისას, ასევე შემოდის ჯარიმა სამშენებლო მოედნებზე ამტვერებადი მასალის დამცავი საშუალებების გარეშე განთავსებისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში ცვლილებების ამოქმედების ვადა გადაიწევს 2022 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ვადა პირველი მოსმენისას ექვსი თვით ადრე – ივლისამდე იყო განსაზღვრული.

მაია ბითაძის განცხადებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ჩართულობით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ხდება სტანდარტის ამაღლება და კანონმდებლობა ასოცირების ხელშეკრულებას, გარემოზე ზემოქმედების შეფასება დირექტივას კიდევ უფრო დაუახლოვდა. კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს. კომიტეტმა ასევე განიხილა ორი საკანონმდებლო წინადადება – მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმეთვალყურეო და მიკედლებული ცხოველების ცხოველთა თავშესაფარში სავალდებულო გადაყვანის შესახებ” და მოქალაქე მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო წინადადება „უსახლკარო ძაღლებისთვის სკვერებში პატარა სახლების აშენებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების შესახებ”.

მაია ბითაძის განცხადებით, ორივე საკანონმდებლო წინადადება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს ერთიანი კანონი, რომელიც ზოგადად, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, დაარეგულირებს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლოს თუ არა, საშემოდგომო სესიაზე მაინც, ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მოიცავს მთლიანად სისტემის მოწესრიგების ხედვას, დაარეგულირებს ამ ურთიერთობებს ძალიან ფართო ჭრილში, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისთვის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას თავშესაფრების მოწყობას. შესაბამისად, ზურაბ ვანიშვილის წინადადება მოექცევა საკანონმდებლო ჩარჩოში”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო წინადადებას, კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ძაღლებისათვის მცირე სახლების აშენების საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. ამგვარად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებებს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები