კრემლის გადაწყვეტილებას რუსი ექსპერტები აფასებენ
რუსი ექსპერტები თავისუფალიდან ჩვეულებრივ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლას ეხმაურებიან. ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების აზრით, რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება შესაძლოა, სწორედ ის ადეკვატური პასუხი იყოს, რომლითაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემთხვევაში, სერგეი ლავროვი იმუქრებოდა.
ანალიტიკოს ალექსეი მუხინის თქმით, საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ისეთ კონკრეტულ ქმედებებს, როგორიც ევროკავშირთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებაა, კონკრეტული შედეგი მოჰყვება.
“ეს გადაწყვეტილება ადეკვატური პასუხია, საუბარია წმინდა წყლის ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე. ამ საკითხში პოლიტიკური მხარე ზუსტად იმ დოზით ფიგურირებს, რა დოზითაც მას საქართველოს ხელისუფლება შეიტანს. გასაგებია, რომ საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ევროკავშირთან ასოცირებას მიაღწია, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ კონკრეტულ ქმედებებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებს, უხარისხო ვეროპული ან ევროპულად გასაღებული ჩინური პროდუქციის შეტანას და ამით საკუთარი მეწარმეებისთვის ზარალის მიყენებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა“.
შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა. მისი შეჩერების გადაწყვეტილება კი რუსეთმა გუშინ მიიღო.