წინანდალში ,,ტურიზიმის შესახებ’’ კანონპროექტის მიმოხილვა მიმდინარეობს
მიმდინარე წლის 7-9 აპრილს, წინანდალში, იმართება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ,,ტურისტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფთან, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტარი ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ის “ფეისბუქზე” წერს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოვიხილავთ ,,ტურიზიმის შესახებ’’ კანონპროექტს.
“აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც აწესრიგებს ტურისტული გიდების, ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის, ტურიზმის ცალკეული სახეობების (მიმართულებების) რეგულირების მიზანშეწონილობის, ტურისტული გადასახადის, რეგისტრაციის, კლასიფიკაციისა და უსაფრთხოების, ტურისტული ტრანსპორტირების, მაღალი რისკის ტურისტული საქმიანობების რეგულირების, სანქციებისა და „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის აღსრულების, საჩივრების განხილვის, ტურიზმის მრჩეველთა საბჭოსა და სხვა საკითხებს.
ასევე, ყურადღებას ვამახვილებთ და განვიხილავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე ტურიზმის კანონით სამოგზაურო პაკეტისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ დირექტივისა და მისი კანონპროექტში ასახვის შესახებ.
გარდა ამისა, განხილვის შემადგენელი ნაწილია „თაიმშეარის“ დირექტივა და მისი ასახვის საკითხი კანონპროექტში.
თითოეული ზემოთ აღნიშნული საკითხის განხილვა ხორციელდება კერძო სექტორთან ერთად სამუშაო შეხვედრის ფორმატში. კერძო სექტორი აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას, რაც ნამდვილად ყურადსაღები და მისასალმებელია”, – წერს მგალობლიშვილი.