პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი აცხადებს, რომ საელჩოდან წერილი მხოლოდ მას შემდეგ გამოიგზავნა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

„საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზეც მას პასუხი არ მიუღია – რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

წერილი არა თუ გუშინ, არამედ დღესაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრიფინგის დროსაც კი არ იყო პარლამენტში შემოსული.

საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოში უკრაინის საელჩო მომავალში თავიდან აიცილებს მსგავს გაუგებრობას. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ყოველთვის ღიაა და მზად არის საელჩოსთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის.

აქვე, გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები