საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არგენტინის დეპუტატთა პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა არგენტინის დეპუტატთა პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ომარ დე მარჩისთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედუარდო ვალდესთან.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს და გამოცდილების გაზიარების კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს განახლებადი ენერგიის, პორტებისა და საზღვაო მიმოსვლის ასევე, ინსტიტუციური რეფორმის საკითხები.
“არგენტინული მხარე დაინტერესდა საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალით ასევე, იმ რეფორმებით, რომლებმაც საქართველოს აღიარება მოუტანა და მსოფლიო რეიტინგებში დააწინაურა.
საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რეგიონში არსებული ვითარება.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა არგენტინელ კოლეგებს რუსეთიდან მომდინარე აგრესიასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ პროცესებზე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კვალის წაშლის მცდელობას და ეთნიკური ქართველების ფაქტობრივ წმენდას ოკუპირებულ რეგიონებში.
მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ შემოდგომაზე, არგენტინის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას, ხელი მოეწერება პარტნიორობის თანამშრომლობას.
არგენტინელმა კანონმდებლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ არგენტინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და იმ დროიდან მოყოლებული, არგენტინისთვის საქართველო შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს კოლეგებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი პარლამენტის წევრები, ირაკლი ბერაია და დავით ბაქრაძე არიან”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.