გრიგოლ ვაშაძე – საქართველომ საერთაშორისო ინიციატივებს მხარი კი არ დაუჭირა, ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო

საქართველომ ამ ინიციატივებს, საერთაშორისო ინიციატივებს მხარი კი არ დაუჭირა, ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ხომ ფაქტია? როგორ შეიძლება, ეს არ თქვა, ეს ხომ ჩვენს ქვეყანასაც ეხება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს.

მისი თქმით, ჟურნალისტი იქნება, პარლამენტის წევრი თუ ადამიანი, ყველამ ფაქტებზე უნდა ილაპარაკოს.

„პირველი, ნიკა მელია ჩემი მემკვიდრე არ არის. მეორე, ეროვნული სპორტია აქ, ღობის იქით ფურთხება, მე ამაში არასოდეს მონაწილეობა არ მიმიღია, არც ახლა ვაპირებ. მესამე, ძალიან საინტერესოა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, თუ არ სურთ, მართლა იყვნენ, დემოკრატიული, ცივილიზებული თანამეგობრობის ნაწილი. მაგალითად, იმ 93 სახელმწიფოში არ იყვნენ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებიც საერთოდ არ მივიდნენ ხმის მიცემაზე. არც თავი შეუკავებიათ, არც მხარი დაუჭერიათ, არც წინააღმდეგ მიუციათ ხმა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი სახელმწიფო ორი ჩვენი მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი, ხოლო მესამე, იყო ვენესუელა. ასე რომ, ვერ გავიგე, სრული ქაოსია. რამდენიმე გადაწყვეტილების მიღების ცენტრია „ქართულ ოცნებაში“?

ჟურნალისტი იქნება, პარლამენტის წევრი თუ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია, თავს პოლიტიკოსად თვლის ან მართლა პოლიტიკოსია და ასე შემდეგ, ფაქტებზე უნდა ელაპარაკო. ფაქტები თუ არ მოგწონს, ეს შენი პრობლემაა. საქართველომ ამ ინიციატივებს, საერთაშორისო ინიციატივებს მხარი კი არ დაუჭირა, ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ხომ ფაქტია? როგორ შეიძლება, ეს არ თქვა, ეს ხომ ჩვენს ქვეყანასაც ეხება. ინიციატორი ხარ ჰააგაში, ორ რეზოლუციაზე გაერო-ში და ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაზაფრული ვარ ამ შეურაცხმყოფელი, გაუგებარი, ყველასთვის დამაზიანებელი განცხადებით. ჩემი სამშობლოა, ჩემი საქართველოა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რასაც არ აკეთებს და რაც მე და თქვენ წაგვადგება, ეს უნდა ითქვას, სახის დამალვა არ მოგვიწევს, როდესაც ჩვენ მოკავშირეებს ველაპარაკებით. რაც ამაზრზენი, შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები