ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფციის პროექტს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტზე იმსჯელა.
პარლამნტის ინფორმაციით, 33 პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივა განახლებული კონცეფციის დამტკიცებას ითვალისწინებს და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა, გენდერული ნიშნით ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა, ბავშვთა ქორწინება და სხვა.
„არსებული კონცეფცია 2006 წელს არის მიღებული, თუმცა მისი მიღებისას არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები და ის უამრავი საერთაშორისო ვალდებულება, რომელსაც შემდგომ შეუერთდა საქართველო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა არსებული კონცეფცია ხარვეზიანია, რადგან არ ასახავს ძირითად მიმართულებებს და პრინციპებს, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებობს.
მაგალითად, ძველი კონცეფცია არ ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს, როგორიცაა გენდერული ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა, ბავშვთა ქორწინება და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების” დღის წესრიგი, ტრეფიკინგი, პროსტიტუცია, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, ხელოვნება და სპორტი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ გენდერული თანასწორობა და ქალების შესაძლებლობები განსაკუთრებით ყოფილიყო გამოკვეთილი”, – განაცხადა საკითხის წარდგენისას პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, განახლებული კონცეფციის პროექტი ყველა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის განხილული, მას ხელს აწერენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის წევრები, რაც იმას ადასტურებს, რომ საერთო პოსტულატები, რაც ამ კონცეფციაშია მოცემული, ინიციატორთა პოლიტიკური განსხვავებულობის მიუხედავად და გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად, ყველას მიერ მხარდაჭერილია. კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, რომელსაც მომხსენებელიც დაეთანხმა, „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.