გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერის შეხვდნენ
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და საპარლამენტო საბჭოს წევრი, თამარ ტალიაშვილი საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გენდერული თანასწორობის კუთხით მხარდაჭერილ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.
„გაეროს განვითარების პროგრამასთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში, ძალიან კარგი თანამშრომლობის ფორმატები გვაქვს. მათი დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მათ შორის, აღსანიშნავია მარო მაყაშვილი დარბაზი, რომელიც პარლამენტში ქალების როლის გამოკვეთისთვის სიმბოლურ მიზანს ატარებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტზე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით ხორციელდება. მათი პროგრამების ერთ-ერთი სიძლიერე არის ის, რომ ძალიან მოქნილია ყველა იმ საჭიროებების საპასუხოდ, რომლებიც პარლამენტის კომიტეტების და საბჭოების წინაშე არსებობს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო კუთხით გატარებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მირიანა ეგერთან შეხვედრაზე, რომელიც სიმბოლურად, გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით განახლებულ მარო მაყაშვილის დარბაზში გაიმართა, იმ ქალბატონების შესახებ ვისაუბრეთ, რომლებიც პირველი რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს პარლამენტს შეადგენდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე გამახვილდა. სტუმარს ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით, საკანონმდებლო მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები გავაცანით.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა დაცვის მიმართულებით, ქალბატონი ეგერისგან მივიღეთ დასტური იმისა, რომ გაეროს განვითარების ფონდი მომავალშიც სიამოვნებით გააგრძელებს ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.