საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არგენტინაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით არგენტინაში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრები გამართეს არგენტინის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადოლფო როდრიგეს საასთან და სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ლუსილა კრექსელთან.

მათივე ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემას ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები წარმოადგენდა.

არგენტინელ კოლეგებს, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა.

სენატის წარმომადგენლები საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის ჭრილში ქართული გამოცდილებით, ასევე იმ ინსტიტუციური რეფორმებით დაინტერესდნენ, რომლებიც საქართველოში განხორციელდა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში გატარებულმა ანტიკორუფციულმა  რეფორმამ და იუსტიციის სახლის კონცეფციამ, ასევე სახელმწიფო სერვისების წვდომაზე ერთი ფანჯრის  პრინციპის დანერგვამ.

მხარეებმა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და იქ არსებული მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს დელეგაციამ არგენტინის სენატის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

„არგენტინელმა კოლეგებმა დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს შემოდგომაზე ეწვევიან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღვნიშნავთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო დელეგაციების წევრებმა შეხვედრა ასევე გამართეს არგენტინის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, პაბლო ანსელმო ტეტამანტისთან, სადაც  ორმხრივ ურთიერთობებზე და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრეს.

საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ამ ჭრილში საქართველოსთვის და მთლიანად, შავი ზღვის რეგიონისთვის მომდინარე საფრთხეები.

არგენტინის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან ქართველმა კანონმდებლებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს.  ხაზი გაესვა მუდმივად ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს და აღინიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს მოქალაქეებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ არგენტინის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

მხარეებმა, გაერო-ში თანამშრომლობაზე და რიგ საკითხებთან მიმართებაში კოორდინირებულ პოზიციონირებაზე საკუთარი ხედვები გაცვალეს.

არგენტინის მხარემ ქართველ პარლამენტარებს გააცნო არგენტინის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და სამხრეთ ამერიკის რეგიონში არსებული ვითარება, როგორც პოლიტიკური და უსაფრთხოების ასევე, ეკონომიკური განვითარების მხრივ.

„შევთანხმდით, რომ საჭიროა უფრო მეტად ურთიერთობების აქტივიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად შორს ვართ, არგენტინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ ამერიკის რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები, ირაკლი ბერაია და დავით ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები