“გადაარჩინეთ მარიუპოლი” – ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთს მოუწოდა, არ დაუშვას მარიუპოლის განადგურება და გადაარჩინოს იქ გადარჩენილი და დაჭრილი ადამიანები.
ამის შესახებ მან საბერძნეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
“ქალაქს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება! ქალაქს სჭირდება ხალხის დახმარება – გადარჩენილების და დაჭრილების. რუსეთი მარტის დასაწყისიდან ბლოკავს მარიუპოლს, ბლოკავს მას ხმელეთსა და ზღვაზე. იქ ელემენტარულ ჰუმანიტარულ ტვირთსაც კი არ უშვებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბერძნეთის ძალას შეუძლია, დაეხმაროს ამ მისიის განხორციელებაში. დღეები დათვლილია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან სთხოვა საბერძნეთს, მარიუპოლის გადასარჩენად გამოიყენოს თავისი გავლენა და შესაძლებლობები, როგორც ევროკავშირის წევრმა.
“ისინი ჩვენს მთელ საერთო ისტორიას ანადგურებენ, ჩვენს საერთო მემკვიდრეობას და ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით იმით, რასაც ვიტყვით მომავალში მარიუპოლზე: “ეს არის ახალი თერმოპილები”, როდესაც, მტრის დიდი ჯარის შეჩერების დროს, გმირები დაეცნენ. ჩვენ შეგვიძლია, გადავარჩინოთ ჩვენი გმირები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.