კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა – არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არის. არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი სხვა ევროპული სახელმწიფო ცდილობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია, და ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.

რაც შეეხება ვიქტორ ორბანს, ის „ქართული ოცნების“ კი არა, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მეგობარი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

უნგრეთი ხმალამოღებული იბრძოდა, რომ არასამართლიანი და მტრული დამოკიდებულება საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით არ განხორციელებულიყო.

უნგრეთი და სლოვაკეთი იყო ძირითადად, ვინც აპროტესტებდა და ეწინააღმდეგებოდა იმ არასამართლიან დამოკიდებულებას, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ვლინდებოდა. დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველთვის ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში.

„უნგრელი ხალხის არჩევანი გამოიხატა არჩევნებით. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოში ყოველთვის ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ვიღაცა გარედან რაღაცას დაგეგმავს, დავალებებს გასცემს და ასე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს ვერ და არ მოხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები