დავითულიანი: „ლელოს“ რეზოლუცია, არ მინახავს, თუმცა, „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი პარტნიორების არცერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” იზიარებს პოზიციას, რომ რუსეთი სამართლის ყველა საერთაშორისო პრინციპს არღვევს, როცა მეზობელ ქვეყანაში იჭრება, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების არცერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
“სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოების და, ამ შემთხვევაში, უკრაინის მიმართ კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამ პოზიციას ვიზიარებთ, რასაც ადასტურებს ჩვენი თანაინიციატორობა ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში.
რაც შეეხება „ლელოს“ რეზოლუციას, არ მინახავს, თუმცა, „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების არცერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ რთულ ვითარებაში დაადასტურა, რომ მისი ყოველი ქმედება მიმართულია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე”, – განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, “ლელომ” პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.