მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი პირველ მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციიტ, მხარეებმა, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო განზომილების როლზე, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და რეფორმების დღის წესრიგზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე.

აღინიშნა, რომ რუსეთის ქმედებები მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. საუბარი ასევე, შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერასა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მზარდ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბრიტანელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ მუშაობა, რათა საქართველოს თემა მუდამ იყოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დღის წესრიგში.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი 2015 წელს შეიქმნა, რომელიც თემთა და ლორდთა პალატის წევრებს აერთიანებს და პარლამენტში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები