გიორგი ხელაშვილმა არგენტინაში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი არგენტინაში იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილი არგენტინის სენატში საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს, სენატორ ლუსილა კრექსელს შეხვდა. საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

გიორგი ხელაშვილმა არგენტინელ კოლეგას რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის ჭრილში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე შეხვდა ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის დეპუტატებს, პაოლა მიკიელოტოს, მარსელო გუოუმანსა და მატიას დამიან ლოპესს, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები აგრეთვე გაიმართა არგენტინაში ვენესუელის ეროვნული ასამბლეის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს დიპლომატიურ წარმომადგენელთან, ელისა ტროტასთან, არგენტინის მთავარი ოპოზიციური ბლოკის – Juntos por el Cambio-ს წარმომადგენელთან, ესეკიელ ლანგანთან და ასოციაცია La Rural-ის მრჩეველთან, ხუან პაბლო მალიერთან.

გიორგი ხელაშვილმა არგენტინის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექცია ჩაატარა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილ ახალ გამოწვევებს შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები