კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი დაამტკიცეს

განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მულტი პარტიულ ფორმატში მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზე – „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის” დამტკიცების შესახებ” იმსჯელეს.

მომხსენებელმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კონცეფციის მომზადების, დოკუმენტის განახლების და მისი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გენდერული თანასწორობის საბჭოს მულტიპარტიული ფორმატის პირობებში დაინიცირდა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მიღებული დოკუმენტი არ მოიცავდა ბევრ ისეთ მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებს, როგორიცაა გენდერული ძალადობა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ბავშვთა ქორწინება, ქალები-მშვიდობა და უსაფრთხოება, ტრეფიკინგი, განათლება, ხელოვნება და სპორტი. ამასთანავე, კონცეფცია არ ასახავდა იმ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელსაც საქართველო მომდევნო წლებში შეუერთდა. მათ შორის, სტამბულის კონვენციას, რომელიც კანონმდებლობის განმსაზღვრელ საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ ბოლო დროს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც გენდერული თანასწორობის კუთხით გატარდა. მისივე განმარტებით, მიუხედავად მნიშვნელოვანი და მოცულობითი სამუშაოებისა, პრობლემები და გამოწვევები მაინც არსებობს და მათი აღმოფხვრის გზებზე წარმოდგენილ კონცეფციაშიც არის საუბარი.

„წარმოდგენილი დოკუმენტი არის კონცეფცია და ეს არ არის კანონი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება დადგენილების ფორმით მიღებული დოკუმენტი, რომელიც ძირითად სულისკვეთებას და ტენდენციებს გამოხატავს, რომლებზეც შემდგომ სასურველია კანონები დაშენდეს”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, საკომიტეტო ფორმატში საკითხის განხილვას მიესალმა და აღნიშნა, რომ საბჭო მზად არის გაეცნოს და გაიზიაროს ყველა იმ შენიშვნას და მოსაზრებას, რომლებიც გენდერული კუთხით იქნება წარმოდგენილი. კონცეფციის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კომიტეტის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგენინეს და დოკუმენტის ცალკეულ მიმართულებებსა და მიდგომებზე ისაუბრეს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის მიერ მომზადებულ შენიშვნებზე ისაუბრა, რომლებიც კონცეფციის მე-10 და მე-12 ნაწილს შეეხებოდა და სადაც საუბარია როგორც განათლების, ასევე ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებებზე. განათლების და მეცნიერების კომიტეტის შენიშვნები კი ძირითადად დოკუმენტის ფორმულირებებს მოიცავდა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი წარმოდგენილ ცვლილებებს დაეთანხმა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, კომიტეტებთან ერთობლივ მუშაობაზე მზაობა გამოთქვა. საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტებმა კენჭისყრით, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები