მდინარაძე: საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან საკუთარ ქვეყანას
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან საკუთარ ქვეყანას, ამ ურთულეს პერიოდში, როცა საქართველო უკრაინის მერე არის ნომერ პირველი რისკის შემცველი ქვეყანა, სადაც დედაქალაქიდან 30-40 კილომეტრში დგას რუსული ჯარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში უფრო მასშტაბური, მკაფიო და ხისტი გახდა ჰიბრიდული ომის ელემენტები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ბუნებრივია და ლოგიკურია, იმის მოლოდინი არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტი დეზინფორმაცია და პროვოკაცია იყოს შესაძლებელი.
ამიტომ, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, რომ შეწყვიტონ დეზინფორმაციის კამპანია. რუსეთი აწარმოებს ომს და ამის პარალელურად საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის გვერდით დადგეს ამ ურთულეს პერიოდში, როცა საქართველო უკრაინის მერე არის ნომერ პირველი რისკის შემცველი ქვეყანა, სადაც დედაქალაქიდან 30-40 კილომეტრში დგას რუსული ჯარი, ამის მიუხედავად, საქართველოში არსებობს ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ამ დროს იბრძვის.
ევროპის ქვეყნებში ე.წ. ნიუსები რაც საქართველოს შესახებ ვრცელდება სწორედ ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის გამოისობით და შემოქმედებით ვრცელდება. იმ ქვეყნებში არავინ არჩევს იმას, რომ ეს ოპოზიციამ მოუგონა ხელისუფლებას, იმიტომ რომ დააზიანოს და ა.შ. და ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობა აღარ არჩევს იმას, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ისე ღალატობენ ქვეყანას, რომ ქვეყანას აზიანებენ იმისთვის, ოღონდ ხელისუფლება დააზიანონ. საქართველოს სახელით ვრცელდება ეს განცხადებები, რომელზეც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ არაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, რაც ძალიან ცუდი და ბინძური ტყუილია. ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ყველას ვთხოვ, ნუ შეაზიზღებენ პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროს“, – განაცხადა მდინარაძემ.