მდინარაძე: კატეგორიულად მოვითხოვოთ, უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ უარყონ ის
კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის – საქართველოს მიმართ, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას ,,საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად’’ მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია. ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაერო-ში – სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთო-ში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე. ჩვენ ყველგან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ!
ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში.
გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის – საქართველოს მიმართ.
სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და, ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ.
ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ამავე დროს არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ, საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ”, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.