კახა კალაძე: სამარცხვინო ბრალდება იყო უკრაინის მხრიდან გაჟღერებული, კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ
“სამარცხვინო ბრალდება იყო უკრაინის მხრიდან გაჟღერებული. კეთილი ინებონ და თუ რაიმე მტკიცებულებები გააჩნიათ, წარმოადგინონ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, სამარცხვინო ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელია.
„მე ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია. ყველანაირად თავს ვიკავებთ, რომ რაღაც კომენტარი გავაკეთოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმებზე მიღებული და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ოფიციალური კიევი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.