წყლის რესურსების მართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წყლის რესურსების მართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ჰიბრიდულ რეჟიმში შედგა.
„სისტემა, რომელიც საქართველომ ამ კანონის მიღების შემდგომ უნდა დანერგოს, არის ძალიან რთული. ევროკავშირის სახელმწიფოებს ათ წელზე მეტი დასჭირდათ იმისთვის, რომ წყლის ე.წ. კარგი ხარისხისთვის მიეღწიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი თანაბარზომიერად არის გამოყენებული, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, დაცულია მისი ტრანსსასაზღვრო მნიშვნელობა, როგორც დაბინძურების ასევე, წყლის ხარჯვის კუთხით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოწვევით სავსე საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც საბოლოო ჯამში, გავლენა ექნება როგორც წყლის ეფექტიან განაწილებაზე ბიზნესსექტორის თვალსაზრისით ასევე, სოფლის მეურნეობისა და რეკრეაციული კუთხით”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის, ნატალია ბერუაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და პროექტის განხილვა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საფუძველზე მოხდეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესსა და პარლამენტს შორის დიალოგის პლატფორმას. ამ პროცესში მაქსიმალურად გვინდა რომ თქვენი და ბიზნესის ხმა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ეს არის საკმაოდ კომპლექსური და საჭირო კანონმდებლობა იმისთვის, რომ ის ძვირფასი რესურსი, რაც ქვეყანას აქვს დღეს და კიდევ უფრო მეტად დასჭირდება ბიზნესს ხვალ და ზეგ – იყოს სწორად მართვადი, რათა ეკონომიკური საქმიანობისთვის, ხარისხიანი და რაოდენობრივად საკმარისი წყლის რესურსი გვქონდეს”, – განაცხადა ნატალია ბერუაშვილმა.

კანონპროექტთა ახალი პაკეტი შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის მიღება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ ვალდებულებათაგანი, რომელიც ჩვენ ასოცირების შეთანხმების მიხედვით გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური კანონმდებლობა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს, ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგს.

შემოდის მთელი რიგი ახალი სტანდარტები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სისტემას გააუმჯობესებს. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება ყველა იმ გარემოს დაცვითი ვალდებულების შესრულება, რაც ჩვენ ასოცირების შესახებ დღის წესრიგით გვაქვს განსაზღვრული”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

რეფორმა მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაცვას და წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესებას; სასმელ წყალთან და სანიტარულ პირობებთან მოსახლეობის უწყვეტ ხელმისაწვდომობას; სხვადასხვა მომხმარებლებს შორის წყლის რესურსების სამართლიან განაწილებას.

კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს წყლის რესურსების სააუზო მართვის დანერგვას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორია მდინარეთა ექვს სააუზე უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისათვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმა. მდინარეთა სააუზო მართვა შესაძლებლობას იძლევა წყალშემკრები აუზის მთელ ტერიტორიაზე დაბალანსდეს წყალსარგებლობა, ამავდროულად გათვალისწინებულ იქნეს ეკოსისტემების ფუნქციონირების საჭიროებები.

რეფორმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ზედაპირული წყლების სარგებლობის სანებართვო სისტემის აღდგენა. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ნებართვის 3 სახეს – ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა. ნებართვას საჭიროებს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 25 მ3-ზე მეტი ოდენობით და დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება.

ნებართვას გასცემს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი მოქმედების ზოგადი ვადაა 5 წელი, თუმცა სპეციფიური ობიექტებისთვის/საქმიანობებისთვის დგინდება განსხვავებული ვადები. წყლის რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე დაყრდნობით.

რეფორმა ასევე, ითვალისწინებს წყლის გამოყენების პრიორიტეტიზაციას სააუზო მართვის გეგმის მიხედვით; წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე დაკვირვების და მონაცემთა ანალიზის სისტემის ჩამოყალიბებას და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის საკითხების მოწესრიგებას; წყალდიდობების რისკის შეფასებისა და მართვის მექანიზმის დადგენას.
წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია ეტაპობრივად. მისი ძირითადი ნაწილი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმის შემოღება და მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება კი გათვალისწინებულია 2024 წლის 1 იანვრიდან. სამუშაო შეხვედრაში სახელმწიფო უწყებების ასევე, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები