ირაკლი პეტრიაშვილი ბრუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრას გაუძღვება და ევროპელ კოლეგებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ამავდროულად მსოფლიო პროფკაშირების (ITUC) პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტიც არის, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

პეტრიაშვილი 5 აპრილს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მე-17 შეხვედრას გაუძღვება, სადაც რამდენიმე საკითხს განიხილავენ. მთავარი განსახილველი საკითხები 28 მარტს გამართული პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური საბჭოს აღმასრულებელი შეხვედრის ანგარიში და უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერის ფარგლებში პროფკავშირული ქმედებები იქნება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი პეტრიაშვილი ევროკომისიაში შეხვედრებს გამართავს და ევროპელი კოლეგებისგან მოისმენს, როგორ მიმდინარეობს მათი მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის ლობირების პროცესი და რა იგეგმება ამ მიმართულებით ახლო მომავალში.

შეგახსენებთ, რომ წინა ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მსოფლიო პროფკავშირებს მოუწოდა, რუსული აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერი გაეკეთებინათ, როგორც ჰუმანიტარული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, საკუთარი ქვეყნების მთავრობებთან და პარტიებთან ლობირებით და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირათ. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის განმავლობაში ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით რამდენჯერმე იმყოფებოდა.

27 თებერვალს, სწორედ მან მიმართა ევროპის პროფკავშირებს, რომ გენერალური საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის საკითხიც შეეტანათ. ამ მოთხოვნის საფუძველზე გამართულ 2 მარტის შეხვედრაზე, მომხსენებლის რანგში, ირაკლი პეტრიაშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინა დღეს არჩევანის თავისუფლების გამო ისჯება. საქართველო კი, როგორც უკრაინა, ირჩევს დემოკრატიასა და არჩევანის თავისუფლებას.

უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 29 მარტს მასშტაბური აქცია გამართა, სადაც პეტრიაშვილმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების სწრაფვას დემოკრატიისა და არჩევანის თავისუფლებისკენ. ამას გარდა, გაერთიანებამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ფულადი დახმარებაც გასწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები