მედიკამენტების მწვავე დეფიციტი – შრი-ლანკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
შრი-ლანკის სამთავრობო სამედიცინო მუშაკთა ასოციაციის გენერალურმა კომიტეტმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ქვეყანაში მედიკამენტების მწვავე დეფიციტს უკავშირდება.
ამის შესახებ ასოციაციის მდივანმა, ექიმმა, შენალ ფერნანდომ განაცხადა.
„ხელისუფლებას ხალხისა და ჯანდაცვის სექტორისთვის სიმართლე უნდა ეთქვა. ჯანდაცვის მინისტრი ინფორმირებული იყო, ითხოვდა დისკუსიებს, მაგრამ არცერთს არ განიხილავდა. ახლა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მედიკამენტების მხრივ დიდი პრობლემაა. ექიმებს ზოგიერთი ჩვეულებრივი, აუცილებელი სერვისის შემცირება დაევალათ”, – ციტირებს ფერნანდოს სიტყვებს Daily Mirror-ი.
შრი-ლანკა, 1948 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელიც, პანდემიის შედეგად ტურისტული ნაკადის შემცირების გამო, ვალუტის დეფიციტით არის გამოწვეული. ქვეყანა საწვავის საკმარის რაოდენობას ვერ ყიდულობს.
შრი-ლანკაში საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების, საწვავის და გაზის მწვავე დეფიციტია. ასევე, ქვეყნის ბევრ რაიონში ელექტროენერგიაზე 13-საათიანი გრაფიკი მოქმედებს.