პრემიერმინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი,3 ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, აღინიშნა, რომ ურთიერთობა წარმატებულია – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნისა და მწვანე პორტების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიან თანამშრომლობას და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და ა.შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერმინისტრის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე – რაჰმან ჰამატოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ფაიგ გულიევი და საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები