გია ცაგარეიშვილი – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: ეს არის სიბინძურე, არცერთი ინფორმაცია არ არის დადასტურებული
ძალიან მძიმე მოსასმენია, მეგობარ სახელმწიფოს აბრალებდე იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს და წარმოუდგენელია. ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა და საქართველოს ხელისუფლება ნათლად განმარტავს, ეს ყველაფერი რატომ არის პასკვილი, რატომ არის სიცრუე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადება არ არის დადასტურებული და სრული სიცრუეა.
“არცერთი მტკიცებულება არ არსებობს და თუ მეგობარი ქვეყნიდან ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, სრულად უნდა იყოს მოწოდებული და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მსგავსი მტკიცებულება არ გვინახავს. საუბარია იმაზე, თითქოს, საქართველო რუსეთს თავის საჰაერო სივრცეს უხსნის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთებს. ასევე, თითქოს, ხდება ადამიანების რეკრუტირება სხვა ქვეყნებში და ისინი იყენებენ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად. ეს არის სიბინძურე, არცერთი ინფორმაცია არ არის დადასტურებული და ვერც დადასტურება. ვხვდები, ეს ყველაფერი საიდან მოდის. ეს ყველაფერი უნდა მოჰკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ძებნილები უკრაინის ხელისუფლებაში ჩაბუდებულები ძირს უთხრიან საქართველოს და მის მომავალს, როგორიც არის, ლორთქიფანიძე, რომელიც 26 მაისის დარბევისთვის და ხალხის ხოცვა-ჟლეტვისთვის არის ბრალდებული, ასეთი ადამიანი უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. თურმე, „ქილერას“, რომელიც გლდანის დაწესებულებაში პატიმრებს აუპატიურებდა, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. შემიძლია, დავასახელო ბევრი ქართველი კრიმინალი, რომელიც იქ უხვად დაპურდა და ახლა ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს. ეს არის უმწარესი სიმართლე, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე.