საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს – იოსელიანი
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას აღნიშნა, ევროპის პარლამენტში ბევრი სკეპტიკოსი ქვეყანა არის, რომლებიც საქართველოს ასე მარტივად მხარს არ დაუჭერენ.
„საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. საქართველოში თუ არ ჩატარდა რეალური რეფორმა სასამართლოს მიმართულებით, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილების კუთხით, თუ რეალურად ოპოზიცია არ ჩაერთო გადაწყვეტილებების მიღებაში, მაშინ კანდიდატის სტატუსს ჩვენ ასე უბრალოდ არავინ მოგვცემს. უკრაინის გამო, პროცედურულად შეიძლება რაღაცები დაჩქარდეს, მაგრამ ჩვენს შესასრულებელ საქმეს არავინ შეასრულებს, რაც ამ დროს ჩვენი გასაკეთებელი არის. ევროპის პარლამენტში ბევრი სკეპტიკოსი ქვეყანა არის, რომლებიც ასე მარტივად ამას მხარს არ დაუჭერენ, თუ ქვეყანაში მართლა 5-იანზე არ იქნება ყველაფერი გაკეთებული ჩვენს მიერ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.