რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი სახეზეა და არანაირი ფინანსური დახმარება დიდი ხნის განმავლობაში ცხინვალს და აფხაზეთს აღარ ექნება – ოქრუაშვილი
შეუერთდნენ! ისედაც შეერთებულები არ არიან? წითელ წიგნში შეტანილი ქურციკებივით, დარჩებიან უფრო უარეს მდგომარეობაში, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთთან შეერთების თაობაზე.
როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში რუსეთთან მიმართებაში ახალი წესრიგი ყალიბდება და ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს.
“რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი სახეზეა და გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. არანაირი ფინანსური დახმარება აღარ ექნება აღარც ცხინვალს და აღარც აფხაზეთს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, თუ რამხელა დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება ამ ომში წაყვანილი ხალხის არდაბრუნების თვალსაზრისით იმ რეგიონებს. საქართველოში არავინ ფიქრობს ამ ტერიტორიებთან მიმართებაში პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრას. თუ ისინი იმ სიტუაციაში, როდესაც ახალი წესრიგი, ახალი გარემო ყალიბდება მსოფლიოში რუსეთთან მიმართებაში, გააკეთებენ სწორ დასკვნებს, მოეგებიან გონს, გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენენ და თვითონ გამოძებნიან ჩვენთან ინდივიდუალური საუბრის საშუალებას, ჩვენც ვიქნებით ადეკვატურები, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვგულისხმობ. გაცილებით მეტი პერსპექტივა გაუჩნდება და გაცილებით წინ წავიწევთ ყველანი ერთად, ვიდრე ისევ იმაზე საუბარი, რომ შეუერთდნენ რუსეთს. შეუერთდნენ! ისედაც შეერთებულები არ არიან? წითელ წიგნში შეტანილი ქურციკებივით, დარჩებიან უფრო უარეს მდგომარეობაში”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება რუსეთის ნაწილი, რისთვისაც სამართლებრივ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამენ.