შალვა პაპუაშვილი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის წევრს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მარინა კალიურანდს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის აქტიური და მტკიცე მხარდაჭერისთვის.
“მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯები.
მხარეებმა მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მათი შედეგები რეგიონისთვის. მარინა კალიურანდმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.