შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.